საპატრიარქო: ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი ჩატარდება, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს, 12:00 საათზე ქაშვეთის ტაძარში მეუფე შიო პარაკლისს აღასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარაკლისის შემდეგ შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
„ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! უფალმა დაგლოცოთ!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.