“ჰაერის დაბინძურების კუთხით, გამოწვევები ორ დამაბინძურებელთან მიმართებით გვაქვს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი” – ნოე მეგრელიშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების კუთხით, გამოწვევები ორ დამაბინძურებელთან მიმართებით არსებობს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი. როგორც მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ორი დამაბინძურებლის ზღვრული ნორმების გადაჭარბება პერიოდულად ფიქსირდება.
“ჰაერის დაბინძურების კუთხით, გამოწვევები 2 დამაბინძურებელთან მიმართებით გვაქვს. ესენია მყარი ნაწილაკები (Pm 10 და pm 2, 5 ) და აზოტის დიოქსიდი. დედაქალაქში განსაკუთრებით პრობლემური ეს ორი დამაბინძურებელია, თუმცა, მყარი ნაწილაკები რუსთავში უფრო პრობლემურია. იცით, იქ ყველაზე დიდი სამრეწველო ზონაა. ამ ორი დამაბინძურებლის ზღვრული ნორმების გადაჭარბება პერიოდულად გვიფიქსირდება. აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება, შეიძლება ითქვას, უმსხვილეს ქუჩებზე, ავტოტრანსპორტით დატვირთულ გზებზე მუდმივად ფიქსირდება, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევაა. თუ წლების განმავლობაში, 2019 -დან 2021 წლამდე მცირედით, მაგრამ აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები ჩვენს ქუჩებში მცირდებოდა, იქაც კი, სადაც გადაჭარბება იყო, 2022 წელს ამ მონაცემმა მოიმატა. ამ დამაბინძურებლის მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტია. ეს კოვიდპანდემიის დროს დაწესებულმა აკრძალვებმაც აჩვენა, ვნახეთ, როდესაც ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, როგორ შემცირდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები. ეს რამდენიმე კვირის წინ, აღდგომის პერიოდშიც დაფიქსირდა, თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები შემცირდა. ცალსახად, ავტოტრანსპორტი დაბინძურების მთავარი წყაროა. 2022 წელს ამ მაჩვენებლის მომატებას პირდაპირ ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომობილების იმპორტი 2021 და 2022 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე თუ ყოველწლიურად დაახლოებით 65 000 ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, 2021 წელს 95 000-მდე ავიდა და 2022 წელს 107 000 -ს ასცდა. ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია. ძირითადად ეს არის უმსხვილეს ქალაქებში, დედაქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ასევე გადაჭარბება მთავარ მაგისტრალებზე გვიფიქსირდება. აზოტის დიოქსიდის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში გვიფიქსირდება, რაც ლოგიკურია, აქ ყველაზე ინტენსიური მოძრაობაა, ყველაზე დიდი საცობები თბილისშია. გადაჭარბების მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აჭარბებს თანამედროვე ქართულ და ევროპულ ნორმას, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე. მელიქიშვილის გამზირზეა მნიშვნელოვანი გადაჭარბებები, ასევე, პეკინის გამზირზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, იქ სადაც ავტომობილების მოძრაობა ყველაზე ინტენსიურია. აზოტის დიოქსიდის წლიური ნორმა 40-ია და, მაგალითად, აღმაშენებელზე როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 80 ფიქსირდება, მელიქიშვილზე ოდნავ ნაკლები, 70 -ის ფარგლებში, შემდეგ ნელ-ნელა იკლებს ქუჩების მიხედვით. გადაჭარბება რეკრეაციულ ზონებში, პარკებში არ ფიქსირდება. უმსხვილეს მაგისტრალებზე კი ყველგანაა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ფორმირებაში ძალიან დიდ როლს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება თამაშობს, ანუ ქვეყნის გარედან შემოსული დაბინძურება, ძირითადად, უდაბნოს მტვერი.
მისივე თქმით, დაბინძურების წყაროები ასევე სამშენებლო და სამრეწველო სექტორებია.
“რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს: მათი მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი ნამდვილად არ არის, თუმცა ავტოტრანსპორტიც თავის როლს თამაშობს.
რუსთავში უმთავრესი წყარო სამრეწველო სექტორია. დედაქალაქში, სამშენებლო სექტორის გარდა, მცირე ზომის საწარმოებიც გვაქვს, განსაკუთრებით ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს. ისინი დაბინძურების წყაროა. გარდა ამისა, ბუნებრივი მტვერი, ღია გრუნტი, რომლის ამტვერებაც ხდება. მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ფორმირებაში ძალიან დიდ როლს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება თამაშობს, ესაა ქვეყნის გარედან შემოსული დაბინძურება, ძირითადად უდაბნოს მტვერი, რომელიც ხან საჰარის უდაბნოდან შემოიჭრება ძალიან ხშირად, თვეში რამდენჯერმე, ხან შუა აზიის უდაბნოს მტვერია, ხან არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოების მტვერი გვიტევს.
ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ჩვენთვის ერთ-ერთი წყაროა. რამდენიმე კვირის წინ ძალიან დიდი შემოჭრა იყო, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციამ მკვეთრად მოიმატა. ბოლოს ორივეჯერ შემოჭრა აღმოსავლეთიდან, თურქმენეთის მხრიდან, ყარაყუმის უდაბნოდან მოხდა.
ჩვენ არ ვართ ჯანდაცვის სამინისტრო, ჩვენ მოსახლეობას ვაფრთხილებთ კონცენტრაციის მატებაზე. ჩვენს პორტალზე რეკომენდაციებია განთავსებული. მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს ფილტვების დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ასთმა, მან მეტი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს, არ გავიდეს გარეთ, შეეცადოს – ფიზიკურად აქტიური არ იყოს”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
თამუნა შეყილაძე