მამუკა მდინარაძე: ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში
“ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ცოტა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის მეორე ფრონტად გადაქცევას ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ეს ალეგორია ბუნებრივია იმ სიმართლეს ემსახურება, რომ საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახოს რაზე არიან წამსვლელები ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ერთი შეხედვით შეიძლება, ასე სიღრმეში არაფერი ესაქმებოდეთ, მაგრამ ისე არიან ქართულ პოლიტიკაში ჩარეულები, რომ შეიძლება მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს, რომელიც შემდეგ არჩევნებზე აღარ იქნება და ამ მოლოდინებს გავუწბილებთ, შეიძლება შეეცადოს საქართველოს მოქალაქედ გადმოეწეროს და პროპორციულ სიაში ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ან შეიძლება მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და მერე გამოვიდეს ქართული რადიკალური ოპოზიცია კრამონის დასაცავად, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი წაუკიდა პოლიციელებს, მაინც არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ რატომ წაუკიდა ცეცხლი, თურმე ეს ყოფილა – ეს ხუმრობით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი უცხოელი კოლეგა ცოტა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში. როგორც ჩანს მათ გააჩნიათ კონკრეტული ინტერესები და ეს კონკრეტული ინტერესები მათ საერთო გეგმაში კარგად ზის, რაც ამ ქვეყნის ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტად ქცევასა და ამ ყველაფერს ერთად გულისხმობს – ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვიოლა ფონ კრამონი კი არა, ვინც უნდა იყოს, ნებისმიერი სახელი და გვარი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.