დავით სონღულაშვილმა დისტანციური დასაქმების დაბეგვრის შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი დისტანციურ დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული მიღწევების მიმოხილვა და ფინანსური გამოწვევების განხილვა იყო.

„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია სამუშაოების დისტანციურ რეჟიმში შესრულება. შეხვედრის ფორმატი ქმნის კარგ შესაძლებლობას სწორად დავინახოთ ის გამოწვევები, რომელიც ამ სფეროში დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებობს, რაც დაგვეხმარება შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო დონეზე აქტიური ჩართულობისთვის და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შესაძლებლობის ფარგლებში, სწორი კომუნიკაციისთვის”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ბიზნეს ომბუდსმენმა, ოთარ დანელიამ, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) საბჭოს პრეზიდენტმა, ჯონ ბრეკეველდტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ირინა საქმა.

ღონისძიების მეორე ნაწილი პროფესიული მომსახურების ფირმა „გრანთ თორნთონის” პრეზენტაციას დაეთმო. პრეზენტაციის შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საჯარო და კერძო დიალოგის (PPD) ფორმატში გამართული ღონისძიება „დისტანციური დასაქმების დაბეგვრა საქართველოში” ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და „გრანთ თორნთონის” (Grant Thornton) ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები