ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს
იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მით უმეტეს მაგიდა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.
ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე აქვს.
„საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები აქვს. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იგივე კალორაჟის საკვები“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დღეს გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.