გამოკითხვა: არჩევნებზე ერდოღანი ხმების 51,4%-ს მიიღებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი არჩევნებზე ხმების 51,4%-ს მიიღებს, ხოლო მისი კონკურენტი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ – 48,6%-ს. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი ორ კანდიდატს შორის გაკეთდება.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 4 კანდიდატის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ერდოღანი 48,6%; კილიჩდაროღლუ 44,1%; მუჰარემ ინჯე – 4,3%; სინან ოგანი – 3%.
გამოკითხვა კვლევითმა ცენტრმა – Optimar-მა ჩაატარა, რომელსაც გაზეთი Hürriyet ავრცელებს.
გამოკითხვა 25-დან 28 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 3005-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, კვლევიდან ირკვევა, რომ მეორე ტურია სავარაუდო, თუმცა, იქვე დასძენს, რომ “არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ერდოღანმა მაჩვენებლის 48 პროცენტზე მაღლა აწევა შეძლო, შესაბამისად – მას შეუძლია, მიიღოს ის ორი პუნქტიც, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებას მოუტანს”.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.
რაც შეეხება კანდიდატებს: საბოლოო სიაში მოხვდნენ მოქმედი ლიდერი, 69 წლის ერდოღანი, რომელიც “რესპუბლიკური ალიანსის” კანდიდატია; ოპოზიციური “სახალხო ალიანსის” კანდიდატი – 74 წლის კილიჩდაროღლუ; პარტია Memleket -ის ლიდერი, 58 წლის მუჰარემ ინჯე და 55 წლის Ata-ს ალიანსის წარმომადგენელი სინან ოღანი.