10 აგვისტო, შეკვეთილი და ელექტრონული მუსიკის სცენის ჯადოქარი Damian Lazarus
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ძალიან უცნაური იქნებოდა, ეს სფერო ხელოვნებაში რომ არ შეჭრილიყო და შემოქმედებით ადამიანებს ის შთაგონების წყაროდ არ ექციათ. ასეც მოხდა. ელექტრონული მუსიკა დღესდღეობით ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განვითარებული სფეროა, რომელსაც, სიმართლე რომ ვთქვათ, საზღვრები არ გააჩნია.
დამიან ლაზარუსი (Damian Lazarus) მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე, პროდიუსერი, ლეიბლის – „Crosstown Rebels-ის“ მფლობელი და კონცეპტუალური ფესტივალის – „Day Zero“ – დამფუძნებელი.
ლაზარუსის მუსიკა არა მხოლოდ ხასიათის შესაბამისია, არამედ ქმნის ატმოსფეროს და მსმენელს ძალიან ამაღლებულ შთაბეჭდილებებს ჩუქნის. მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში წარმატებული გამოსვლის გარდა, დამიანს კლუბის კედლებს გარეთ ნამდვილი წარმოდგენის დადგმა შეუძლია. ის ჯადოქარია, რომლის მუსიკაც ყველგან გაჟღერებულა: ჯუნგლებში, პლაჟებზე, უდაბნოებში, მთებსა თუ არქეოლოგიურ ნანგრევებში.

არტისტი დარწმუნებულია, რომ საკუთარ მისიას მიაგნო: აქციოს თავისი ცხოვრება, ლეიბლი და წვეულებები ეკოლოგიურ და პასუხისმგებლობით სავსე სივრცედ. სწორედ ამ მისიას ემსახურება ფესტივალი „Day Zero“, რომელსაც ლაზარუსი უკვე რამდენიმე წელია, ატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა მას მაქსიმალურად აახლოებს „Black Sea Arena-ს“ გუნდთან, ამიტომაც სიმბოლურიც კია, რომ 10 აგვისტოს შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში შეკრებილი ადამიანებისთვის სწორედ დამიან ლაზარუსი დაუკრავს.
არტისტი 1978 წლის 15 ნოემბერს ლონდონში დაიბადა.
„12 წლის ვიყავი, როცა მუსიკალური ფირების ყიდვა დავიწყე და 14-ის, როცა საკუთარი აღჭურვილობა და მიქშერი მქონდა. ყოველდღე ვუსმენდი ლონდონში „მეკობრე“ რადიოსადგურებს, როგორიცაა: „LWR“ და „Solar“, ასევე პიტ ტონგსა და რობ ვინსენტს. ვკითხულობდი ჟურნალებს, დავდიოდი კონცერტებზე, ვუყურებდი არტისტებს და ვცდილობდი, შემესწავლა ეს ახალი კულტურა. შაბათ-კვირას იმისთვის ვმუშაობდი, რომ საკმარისი ფული მეშოვა რამდენიმე ფირის შესაძენად. შემდეგ ისევ მუსიკას ვუსმენდი და ვუყურებდი, თანდათანობით როგორ იზრდებოდა ჩემი კოლექცია“, – იხსენებს დამიანი.
ლაზარუსმა თავისი პირველი მუსიკალური ნამუშევარი ხმის ორ ინჟინერთან ერთად შექმნა, რომლებმაც, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბევრი ასწავლეს.
„მუსიკის შექმნა საკმაოდ იზოლირებული პროცესია, თუმცა „დიჯეინგი“ ხალხთან, ხანდახან ათასობით ადამიანთან პირდაპირ კავშირს გულისხმობს. მე მომწონს, როცა ადამიანები ერთად ვიკრიბებით, მათ ემოციებს აღვიქვამ და მათ სულებს მუსიკით ვეხები“.
დამიანისთვის მუსიკის წერა სამსახურს არაფრით არ ჰგავს. ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული გზაა, რომლის გასავლელადაც მას მოუწია, ნდობა გამოეცხადებინა საკუთარი ინსტინქტებისადმი და გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო; ბევრი შეცდომაც დაუშვა, ბევრი მარცხიც იწვნია, მაგრამ ეს ამად ღირდა!
ლაზარუსის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2002 წელს ფესტივალ „Sonar-ზე“ გამოსვლამ, რის შემდეგაც მას მსოფლიოს წამყვან კლუბებში იწვევდნენ. ის იყო ისეთი კლუბების რეზიდენტი, როგორიცაა: „DC10“ (იბიცა), „Polar TV“ (ბერლინი), „The Loft“ (ბარსელონა) და „21st Century Bodyrockers„ (ლონდონი).

თავისი პირველი ალბომი – „Smoke the Monster Out“ – რომელზედაც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, 2009 წლის მაისში გამოუშვა. ნებისმიერი, ვისაც ლაზარუსის სეტები მოუსმენია და მისი შოუ უნახავს, დაადასტურებს, რომ მისი შთაგონება ძალიან ღრმა და ნაირფეროვანია. იქ ერთმანეთს ერწყმის დრამ-ენდ-ბეისი, ჯაზი, ელექტრო, სოული, ჰაუსი, ტექნო და ყველაფერი, რაც მათ შორის არსებობს.
სოლო ალბომი – „Flourish“ – რომელიც 2020 წელს გამოვიდა, არტისტის მიერ განვლილ მთელ გზას ირეკლავს. აქ ყველაფერი შეგიძლიათ იგრძნოთ – მისი პირველი დღეები ლონდონის დრამ-ენდ-ბეისის მოძრაობაში და მისი გავლენა თანამედროვე ჰაუსსა და ტექნოზე.
„Flourish“ ძალიან შორს არის ფუნქციური ინსტრუმენტების ნაკრების ჟღერადობისგან ისევე, როგორც მისი სადებიუტო ალმობი – „Smoke The Monster Out“. ლაზარუსი თამაშობს ტემპისა და სტილის ნიუანსებით, რათა შექმნას მდიდარი და ღრმა ალბომი, რომელიც გრძნობების კორიანტელს იწვევს.
მთელი კარიერის განმავლობაში, ის დაუღალავად მუშაობს ინოვაციებზე ელექტრონული მუსიკის სფეროში. არტისტი მუდამ კონცენტრირებულია და აგრძელებს თავის გზას, რომლის ნაწილიც 10 აგვისტოს ქართველი მსმენელიც გახდება.