„ჩამჟავებული პოლიტიკოსები უნდა გავიყვანოთ“ – ქმნის თუ არა ზაზა პაპუაშვილი „უცნობთან“ ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას

გუშინ მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს – მათ შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური შეფასების მიცემა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.
ასევე, შეკრებილებმა უნდობლობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტს.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ დაინტერესდა, აქციის ორგანიზატორები ხომ არ აპირებენ სხვა ფორმით გააქტიურებას, მაგალითად, ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას და შესაბამისი კითხვით ერთ-ერთ ორგანიზატორს ყოფილ პარლამენტარს, ზაზა პაპუაშვილს დაუკავშირდა.

როგორც მან „კვირასთან” საუბრისას განმარტა, მათი მიზანი პოლიტიკური პარტიის შექმნა არ არის.

„პოლიტიკური პარტიის შექმნას, რასაკვირველია, არ ვგეგმავ. ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს ჩაფიქრებული. ამას, ჯერჯერობით, ვერ ჩამოვაყალიბებ, ჯერ მუშაობის პროცესია. არ არის აუცილებელი ყველას მოსვლა პოლიტიკაში. საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს ისეთი ძალა და ფხა, რომ ჩამჟავებული პოლიტიკოსები გავიყვანოთ პოლიტიკური სივრციდან. ქვეყანაში ისეთი საზოგადოებრივი აზრი, ნიჭიერება უნდა დომინირებდეს, რომელსაც ექნება საშუალება, რომ ადეკვატური, კვალიფიციური დიალოგი შეძლოს ხელისუფლებასთან. ამის გამო პოლიტიკაში მოსვლა არ არის აუცილებელი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აქცია, რომელიც გუშინ სლოგანით “მოვდივარ” რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, საღამოს 9 საათისთვის დასრულდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები