პრეზიდენტი: რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე
,,რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე – ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი მკაფიო და ერთგვაროვანი უნდა იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იყოს.
,,ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.
ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციასა და განვითარების გზაზე. სწორედ, იქ შევძელით, რომ მაგალითი საქართველოს ჯარის მზადყოფნის მიგვეცა, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.