BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი უკრაინაში ფრონტის ხაზზე მოკლეს
BBC News-ის ყოფილი ჟურნალისტი, ალექსანდრ ბონდარენკო უკრაინაში ფრონტის ხაზზე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბონდარენკო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს.
მანამდე ის მუშაობდა კომუნიკაციების ექსპერტად და მედია ტრენერად. ჟურნალისტის გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ალექსანდრ ბონდარენკო წარმოშობით ლუგანსკიდან იყო.
2007 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა BBC-ის უკრაინულ სამსახურში. შემდეგ მან დატოვა BBC-ი და სამუშაოდ სხვა მედია ორგანიზაციებში გადავიდა.
ბონდარენკო იყო ერთ-ერთი იმ ათასობით უკრაინელთაგანი, რომელმაც დატოვა სამოქალაქო სამსახური, რათა თავისი ქვეყანა რუსეთის შეჭრისგან დაეცვა.