სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დახურული მოსმენა გაიმართა

დღეს საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოება საიმედო და ღირსეული ადამიანების ხელშია, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სასაზღვრო უსაფრთხოების თემაზე გამართული შეხვედრის შეჯამებისას. სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართული საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში წარიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომიტეტის წევრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გასულ წელს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მოსმენის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შედეგად, კომიტეტი უწყების საქმიანობას უმაღლეს შეფასებას აძლევს.

„სასაზღვრო უსაფრთხოებაზე საინტერესო საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. ჩვენ დავფარეთ სასაზღვრო უსაფრთხოებაში შემავალი აბსოლუტურად ყველა საკითხი, როგორიცაა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირების მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოდერნიზება. მომხსენებლებმა ისაუბრეს, რომ არაერთი ახალი სასაზღვრო სექტორია აშენებული და არაერთი რეაბილიტირებული. საგუშაგოები და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სათანადოდ აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიებით, ელექტრონული სისტემებით, მონიტორინგის და სათვალთვალო სისტემებით. ასევე კიდევ უფრო დაიხვეწა სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, რამაც საზღვრის მართვის ეფექტიანობა კიდევ უფრო გააუმჯობესა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა, რაც სასაზღვრო ინციდენტებზე მყისიერი, ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.

„როგორც რაოდენობრივად ასევე ხარისხობრივად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი და კინოლოგიური შესაძლებლობები. ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული სასაზღვრო ავიაციის განვითარებისთვის და მომავალი წლისთვის სასაზღვრო პოლიცია ახალ საფრენ აპარატებს ელოდება, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს ჩვენი სასაზღვრო დანაყოფების მობილობას და მათი რეაგირების შესაძლებლობას. სანაპირო დაცვა განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ჩვენ ვართ ნატო-ს ოპერატიული პარტნიორები ოპერაციაში „ზღვის მცველი“, რაც მეტყველებს სასაზღვრო პოლიციის ეფექტიანობასა და მის ნატოსთან თავსებადობაზე.

სწორედ ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს, რომ ეფექტიანად ხდება ჩვენი სახელმწიფო საზღვრის მართვა, მისი დაცვა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მონაკვეთი ეფექტურად დაცულია და სასაზღვრო ინციდენტების პრევენციას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები