კახა კალაძე: სააკაშვილის ქეისი, მისი საქართველოში შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით
სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით, რომ ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე.
პირველივე დღიდან, როგორც კი სააკაშვილი დააპატიმრეს, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, თავისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული.