„სასამართლომ პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა“ – ფოტოგრაფი ნათია გედენიძე
საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ნათია გედენიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. ჩვენ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გვქონდა შეტანილი. გუშინ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს პროკურატურას წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. აქვე მინდა, განვმარტო, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს, ვალები გადაიხადოს იმისთვის, თუ რა რეჟიმში მუშაობდა მაშინდელი პროკურატურა.
2016 წელს პროკურატურამ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და, ამის შედეგად, ჩვენი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ამ მხრივ, ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. გუშინ კი სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი მორალური ზიანი ანაზღაურებელი იყოს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ რიცხვებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში პირველი პრეცედენტია. ასეთი მუხლზე, რაც ჩვენ მიმართ იყო წარდგენილი, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა. დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის. ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართლი იზეიმებდა. ეს შედეგი სახეზე გვაქვს. სამართალი ყოველთვის იზეიმებს იქ, სადაც სიმართლე ტრიალებს“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
ცნობისთვის, ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
2018 წელს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები იმიტომ დააკავეს, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.