სუდანიდან ევაკუირებული, საქართველოს მოქალაქე: ამ 10 დღის განმავლობაში იყო ერთგვარი ჯოჯოხეთი
“სიტყვებით ვერ გადმოვცემ, შესადარებლად რას შევადარო, არ ვიცი. სროლა, წყლის ნაკლებობა, მოგეხსენებათ, აფრიკაში ყველაფერი რთულია, პლუს ომი დაემატა, ვერსად ვერ გადიხარ”, – ამის შესახებ სუდანიდან ევაკუირებულმა საქართველოს მოქალაქემ, ავიაკომპანია “ჯეოსქაის” თანამშრომელმა, ალექსანდრე საათაშვილმა განაცხადა.
მან ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
“ამ 10 დღის განმავლობაში იყო ერთგვარი ჯოჯოხეთი, რასაც ვერ გადმოვცემდით. ყველას ოჯახი გველოდებოდა. ღვთის წყალობით, მადლობა უფალს, რომ მშვიდობით დავბრუნდით და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული,” – განაცხადა ალექსანდრე საათაშვილმა.
შეგახსენებთ, სუდანიდან ევაკუირებული, საქართველოს 20 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ამ ეტაპზე, თბილისში ჩამოვიდნენ ავიაკომპანია “ჯეოსქაის” თანამშრომლები. რაც შეეხება კომპანია “მაი ვეის,” მათი 13 წარმომადგენელი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.