ირაკლი ჩიქოვანი IRI-ის კვლევაზე: წარმოუდგენელია, რომ პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს ოლიგარქი კეზერაშვილის ჯარისთვის მოპარული ფული და ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი იდეოლოგია, პოლიტიკური რეიტინგი გაეზარდოს
შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, ეს ციფრები სადღაც მოგონილია და რას ეყრდნობა, წარმოდგენა არ მაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა IRI-ის კვლევის შედეგებს.
„წარმოუდგენელია, პარტიას, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, აქვს ოლიგარქი კეზერაშვილის ჯარისთვის მოპარული ფული და ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი იდეოლოგია, მას რომ გაეზარდოს პოლიტიკური რეიტინგი. ეს არის შეუძლებელია და სამწუხაროდ, საზოგადოების მოტყუება. კარგად ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის დაშლა-დაქუცმაცება მიმდინარეობს და მათი დესტრუქციული დღის წესრიგი შედეგის მომტანი არ არის. ამას არ აქვს გამოხმაურება საზოგადოებაში და ჩვენს მოქალაქეებს ეს არ მოსწონთ. აქედან გამომდინარე, ახლა ისინი ცდილობენ, გარკვეული ინერცია და გარკვეული ძალა მისცენ ოპოზიციურ სპექტრს. ამას სხვა გამართლებას ვერ ვუძებნი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“.