საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ” და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.
მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელთა მიზანია ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მთელი რიგი ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება მანდატი, რომ სავალდებულო წესით განახორციელოს იმ ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის რომელიმე ნორმატიული აქტის სულისკვეთებიდან. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მოხდეს ქართული სამართლის დაახლოება ევროკავშირის სამართალთან. ცვლილებათა პაკეტი ეხება რამდენიმე კატეგორიის ნორმატიული აქტის პროექტს: ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონპროექტები, ასევე მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტები და გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს მინისტრების ნორმატიული აქტის პროექტები.
„იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული ექსპერტიზის ფარგლებში სამართლებრივი აქტის პროექტი ვერ მიიღებს დადებით დასკვნას, ტარდება ხელახალი ექსპერტიზა, რათა მოხდეს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნება „საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართულებას და რეგულაციას, შესაბამის კანონში ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის, ისევე როგორც სხვა კონსტიტუციური ორგანოების ნორმატიული აქტის პროექტები არ იქნება დაქვემდებარებული იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას”,-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა. კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა.