თენგიზ შარმანაშვილი – ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს
„ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთს ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვს, თუმცა ამას ვერ ხედავენ.
„ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ბოლო წლებში, ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. მისი ავტორიტეტი აღარ არის. მათ განცხადებას ვუპასუხებდი იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებენ, ანალოგიურ კანონზე რა კითხვები გაუგზავნეს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს და რა შენიშვნები ჩაწერეს. მათ ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვთ, ამას ვერ ხედავენ და ჩვენ მოგვადგნენ? უფრო დემოკრატიულ კანონს ვიღებთ. ასე ურთიერთობა არ შეიძლება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ სისტემური მიდგომით გააანალიზა ეს საკანონმდებლო აქტები, რათა გაეთვალისწინებინა ერთდროულად გამოსაყენებელი კანონების ერთობლივი ეფექტი ერთსა და იმავე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.
ამ თვალსაზრისით, კომისია იხსენებს თავის ძველ რეკომენდაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კანონმდებლობის არსებული დებულებები არასაკმარისია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება უნდა ეცადოს მათ შეცვლას, გაუმჯობესებას და არა ახალი კანონების მიღებას.