მაია კობახიძე: მასწავლებელთა კარიერული სქემის გაუქმება დღის წესრიგში დააყენებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მთელ რიგ ცვლილებებს და ახალი, რეფორმის დამარეგულირებელი ნორმატიული აქტის შემუშავებას
ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა და პირობების გაუმჯობესება, – ამის შესახებ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლიდერი, მაია კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მასწავლებლების მოთხოვნას კარიერული წინსვლის სქემის გაუქმების შესახებ.
როგორც მაია კობახიძე აღნიშნავს, სქემის გაუქმება დღის წესრიგში დააყენებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მთელ რიგ ცვლილებებს და ახალი, რეფორმის დამარეგულირებელი ნორმატიული აქტის შემუშავებას.
„უკანასკნელ დღეებში გააქტიურებულ საჭირბოროტო საკითხებზე ბოლო განცხადებას ვაკეთებ:
ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა და პირობების გაუმჯობესება.
მასწავლებელთა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, ჩვენი ყველა მოთხოვნა გამომდინარეობს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის“ მოქმედი სქემიდან. იმის გამო, რომ მონაწილეობას ვიღებდი სქემის შემუშავების/ცვლილებების პროცესში, მასწავლებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, რამდენიმე ინიციატივა დავაყენეთ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
კიდევ ერთხელ განვმარტავ: პორტფოლიოს გაუქმება მოითხოვს სქემის ცვლილებებს, რაც ხანგრძლივი პროცესია და მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გამომდინარე იქიდან, რომ სქემისა და ჩვენი მოთხოვნების ამოსავალი წერტილია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების გარეშე, კომპლექსურად ვერ ვლინდება პედაგოგის კომპეტენცია.
დღეს, პედაგოგის პრაქტიკულ საქმიანობას აფასებს პორტფოლიო, რომლის წარდგენის ვადა იწურება 30 აპრილს. გავითვალისწინეთ რა, ასეულობით მასწავლებლის მომართვა, თუნდაც 10-15 დღით, ვადის გახანგრძლივების თაობაზე, ამიტომ დავაყენეთ საკითხი.
პორტფოლიო არ არის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების იდეალური ვარიანტი და თუ შემუშავდება პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების უფრო რაციონალური სისტემა, მხარს დავუჭერთ.
მოთხოვნა სქემის გაუქმების თაობაზე, ისე რომ არ არის შემოთავაზებული სხვა ვარიანტი და განმარტებული რა მიზანს ემსახურება ეს მოთხოვნა, უკან დაგვაბრუნებს.
სქემის გაუქმება დღის წესრიგში დააყენებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მთელ რიგ ცვლილებებს და ახალი, რეფორმის დამარეგულირებელი ნორმატიული აქტის შემუშავებას. ეს ხანგრძლივი პროცესია და როგორ მოიქცნენ ის პედაგოგები, რომელთაც პორტფოლიო მზად აქვთ წარსადგენად, დადგენილ ვადებში?! კიდევ თვეები ან წლები დაელოდონ სტატუსის ამაღლებას?
ჩვენი საქმიანობა შორს არის პოპულიზმისგან, არა რეალისტური მოთხოვნებისგან, ვიცავთ და დავიცავთ პედაგოგთა უფლებებს!“, – წერს მაია კობახიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, მასწავლებელთა მცირე ჯგუფმა მასწავლებელთა კარიერული სქემის გაუქმებას მოთხოვნა 3 დღის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი ამილახვართან და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან დააყენეს.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა, მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.