ბექა ოდიშარია: რატომ უნდა ჩავრიოთ სასამართლო ხელისუფლებაში მავნებელი პოლიტიკური ძალები
მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთკაციანი პარტიების ნულოვანი მხარდაჭერით საქართველოში მოასპარეზე ე.წ. პოლიტიკოსების დღის წესრიგის ხელოვნურად საზრდოობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დადებითი შეფასება.
„რატომ უნდა ჩავრიოთ სასამართლო ხელისუფლებაში ეს მავნებელი პოლიტიკური ძალები და რატომ უნდა შევქმნათ ვითარება, რომ სასამართლოს, დამოუკიდებელ შტოს შეექმნას საფრთხე. მე ჩემს სიმართლეს გეუბნებით, ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგების ირგვლივ არ მსმენია, ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? – გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მე არ ვიცნობ ფაქტებს, შეიძლება, თქვენს სამეზობლოში და ოჯახში რა ხდება, იმაში არ იყოთ დარწმუნებული. იცით, რამდენ ვინმეზე მეპარება ეჭვი? „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ისვრიან ზევით-ქვევით და მავნებლური საიდუმლო სერობები რომ აქვთ, გიორგი ტაბატაძე რომ არის, ილიაუნის ლექტორი, რომელიც ახალგაზრდებს ეუბნება, ტალახაძის ჩემპიონობა არაფერია, რადგან თურმე პოლიტიკა და სპორტი ერთია და ტალახაძის გამარჯვებაში არაფერია გასახარი, რადგან ის „ქოცია“ და „ქოცი“ კიდევ რუსია, აი ეს არის ფაშიზმი. ამ ხალხის ნარატივს მივყვეთ ახლა ჩვენ? აი, სად ხდება სიბინძურე, სიძულვილის თესვა, რომანტიზება ნეობოლშევიკური, რევოლუციური ინერციების და ახალგაზრდები, ალბათ ასეთი მავნე ადამიანების მიერ დარიგებულნი და დამოძღვრილნი, შეიძლება ფინანსურად წახალისებული, რატომ ხვდებიან შემდეგ ციხეში, აი, ვინ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.