მამაკაცი, რომლის უკანონოდ დაკავება გუშინ სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

ერთ-ერთი პირი, რომლის უკანონოდ დაკავება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა გუშინ სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც დაშავებულის მეუღლე აცხადებს, მამაკაცს კონდახი აქვს ჩარტყმული.

„საქონელს ვაძოვებდით, რა დროსაც ორი რუსი ოკუპანტი თავს დაგვესხა და ჰქონდათ მცდელობა, გავეტაცებინეთ. ჩვენ გამოვიქეცით, საკმაოდ ბევრი ვირბინეთ და ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ, ხელები გაეკოჭათ. ვყვიროდი, რომ ჩვენთვის მეზობლებს ეშველათ. ხმაზე ხალხი გამოვიდა, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ვერავინ დაგვეხმარა. ამასობაში გამოჩნდა ჩვენი პოლიციაც და პოლიციის დანახვისთანავე ორივე გაიქცა. მეუღლე ცუდად არის, კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს “, – განაცხადა მამაკაცის მეუღლემ.

ფაქტთან დაკავშირებით, სუს-მა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალური ხელისუფლება, აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები