საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად

განვაგრძობთ, ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, სუდანში საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.

შეგახსენებთ, სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები