გაგრაში 89 უკანონო მშენებლობა შეაჩერეს
ოკუპირებულ გაგრაში 89 უკანონო სამშენებლო პროექტი შეჩერდა, – ამის შესახებ გაგრის რაიონის ე.წ. მთავარმა არქიტექტორმა, დიანა ლობოდამ ე.წ. საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 71 საქმე ე.წ. შსს-ს გადაეცა. გარდა ამისა, არქიტექტურის დეპარტამენტმა ობიექტების მშენებლობაზე 30-მდე წერილობითი უარი გასცა.
ლობოდას თქმით, ბევრს აქვს მშენებლობის ნებართვა, მაგრამ ზოგიერთი ობიექტი არ შეესაბამება მიღებულ ნორმებსა და წესებს, ამიტომ, ქალაქის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ არ მოხდეს ქაოსური მშენებლობა, საჭიროა გენერალური გეგმა.
„გეგმის პირველი ეტაპი მომზადდა და უკანონო მშენებლობის პრობლემები დაფიქსირდა. დღემდე ყველა უკანონო სამშენებლო პროექტი შეჩერებულია და ქალაქის ზონირება პრეზენტაციის ეტაპზეა“, – განაცხადა მან.