ირაკლი სესიაშვილი NDI-ს კვლევებს არ ცნობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს.
როგორც სესიაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებით არ ინტერესდება შესაბამისად, დღეს გამოქვეყნებულ შედეგებსაც არ გასცნობია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ 9 წლის მანძილზე NDI-ის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაცია, ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს ატარებდა. როგორც “კვირასთან” საუბრისას სესიაშვილმა აღნიშნა, NDI-ის მიერ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული კვლევები, გარკვეულწილად, კვლავ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტირაჟირებას უწყობს ხელს. “NDI-ის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაციის მიერ დადებულ კონკრეტულ შედეგებზე კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 9 წლის მანძილზე ზუსტად იმ მესიჯებით გვესაუბრებოდა, რომელიც ჩვენს წინამორბედ ხელისუფლებას აწყობდა. კვლევის ფარგლებში შერჩეული კითხვები, გარკვეულწილად დღესაც “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემთხვევა. ჩვენ გვაქვს შიდამოხმარების კვლევები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ კვლევების შედეგებისგან და განსხვავებულ ვითარებას ვხედავ. ყველას გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგები, რომელიც რეალობას რადიკალურად იყო აცდენილი. ასე, რომ მე არ ვეცნობი მათ კვლევებს, შესაბამისად, არც დღევანდელი შედეგები მინახავს“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ დღეს მედიას პოლიტიკური რეიტინგები წარუდგინა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,338 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) დაფინანსებით CRRC საქართველო ატარებს.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია 25 აგვისტოს გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები