ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პრაღა მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის მზად, კიევისთვის კრედიტების გარანტორი გახდეს.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ, რადგან ჩვენს სკოლებში მზარეულებისთვისაც კი არ გვყოფნის თანხა. გარანტია, ფაქტობრივად, იგივე ვალია, რადგან ნათელია, რომ უკრაინა ამ ფულის დაბრუნებას ვერასდროს შეძლებს“, – აღნიშნა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ უკვე 377 მილიარდ ევროს მიაღწია – აქედან 187 მილიარდი ევრო ადრე გამოიყო, 100 მილიარდი ევრო ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური პროგრამიდანაა, ხოლო კიდევ 90 მილიარდი ევრო – სესხების სახით.
თავის მხრივ, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს რიცხავს.
ბაბიში უკმაყოფილო იყო იმით, რომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის სამიტზე „მშვიდობაზე თითქმის არ უსაუბრიათ“. მისი თქმით, მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შესთავაზა, რომ შობამდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულიყვნენ, ხოლო 2026 წლის 24 თებერვლისთვის – ომის დასრულებაზე. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ აღნიშნული იდეა ამერიკის ლიდერთან, დონალდ ტრამპთანაც განიხილა.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა, როგორც აგრესორმა, რეპარაციები უნდა გადაიხადოს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ომი დასრულდება… ამავდროულად, რეალისტები უნდა ვიყოთ: თუ ვინმე ამბობს, რომ ჩვენ რუსეთს დავამარცხებთ, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაბიშმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი მისი მთავრობის პოლიტიკაში ისეთ ადგილს აღარ დაიკავებს, როგორც წინა მთავრობის დროს. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთს „მასზე არანაირი გავლენა არ ექნება“, რადგან პრიორიტეტად საშინაო პოლიტიკა უნდა დარჩეს.
„ჩვენთვის ჩეხეთი პირველ ადგილზეა და ასე იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში“, – დასძინა მან.