სასჯელაღსრულების სამინისტროში სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა კლასიფიკაციის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს.
სემინარს აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) ექსპერტი კენეტ ბრაზი უძღვება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2014 წლიდან, სასჯელაღსრულების სისტემაში გადაუდებელი პრობლემების მოგვარების შემდეგ, პრიორიტეტულ მიმართულებად მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რებილიტაცია განისაზღვრა. შესაბამისად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რისკების შეფასების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის დანერგვაზე.
“ჩვენ დღეს ვსაუბრობთ პატიმართა ობიექტური კლასიფიკაციის საკითხზე, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურად პატიმრის რისკის დონის განსაზღვრას. კლასიფიკაცია საჭიროა იმისთვის, რომ ერთი კატეგორიის პატიმრები მოთავსდნენ ერთად ერთ რომელიმე დაწესებულებაში. ეს ხელს შეუწყობს მათ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას. რაც უფრო დაბალი რისკის არის პატიმარი, მით უფრო დაბალი რისკის დაწესებულებაში მოთავსდება ის და შეეთავაზება გაცილებით მეტი სარეაბილიტაციო ან სხვა სახის პროგრამა. მაღალი რისკის შემთხვევაში კი პატიმარი უფრო დაცულ დაწესებულებაში მოთავსდება, რასაც ესაჭიროება გაცილებით მეტი ფიზიკური რესურსი. ობიექტური შეფასება არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და უფრო კარგი შედეგის მიღების კუთხით,“-განაცხადა კენეტ ბრაიზმა.
დღეისათვის სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა (უსაფრთხოების თანამშრომელი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და საჭიროების შემთხვევაში ექიმი ერთობლივად აფასებენ რისკს, საჭიროებებს და გეგმავენ მსჯავრდებულის რესოციალიზაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს) მხოლოდ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხორციელდება. წლის ბოლომდე დაგეგმილია ანალოგიური მეთოდოლოგიის ქალთა და მამაკაცთა დაწესებულებებში დანერგვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები