ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მუცოს ესტუმრება

მუცოს – ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ სოფელს და მის უნიკალურ არქიტექტურას განადგურების საფრთხე აღარ ემუქრება, – ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები 2 თვეა დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაური მუცოს ხვალ პირადად ესტუმრება და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, კულტურის მინისტრსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე გაეცნობა. მუცოში უკვე დამონტაჟებულია 70 მეტრიანი ბაგირი, რომელიც ურთულეს სარეაბილიტაციო ობიექტზე – სალ კლდეზე სამშენებლო მასალის აზიდვას უზრუნველყოფს.
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო პროცესიც ტრადიციული მასალით ხორციელდება – ფიქალის მასიური ქვები ამავე მხარეში მოიპოვება. მუცოს რეაბილიტაციაზე მომუშავე ჯგუფებისთვის ადგილზე აშენებულია საცხოვრებელი კოტეჯები, ადმინისტრაციული შენობა და სასადილო. ექსპედიციაში მუშაობს მედპუნქტი, სადაც შესაბამისი განრიგით ორი ექიმი მორიგეობს. 24 საათიან რეჟიმში ჩართულია მობილური გენერატორი, რომელსაც 2015 წელს, მუცოს სრული განათების მიზნით, მუდმივი ელექტროსადგური ჩაენაცვლება. 26 აგვისტოს მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მუცოს ელექტრიფიკაცია სრულად დაფინანსდება და სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება.
მუცოში უკვე ოთხი წელია, ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს. ნუგზარ დაიაური, რომელიც წინაპრების მიერ მიტოვებულ მხარეს მეუღლესა და შვილებთან ერთად დაუბრუნდა, თავად არის ჩართული მუცოს გადარჩენის პროექტში. პრემიერი ნუგზარ დაიაურის ოჯახსაც ესტუმრება და ისტორიულ მხარეში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას მისგანაც მიიღებს. ციხე-ქალაქ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ინიციატივის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 ივნისს განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირველ ეტაპზე შეჩერდება ძეგლის რღვევის პროცესი და დაიწყება ჩამოშლილი კოშკების აღდგენა. პროექტი სამწლიანია, რის შემდეგაც საქართველოს ექნება პირვანდელი სახით აღდგენილი მუცო შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები