“ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების აქტუალობა გაზრდილია” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო უწყება
“ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავების აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება საქართველოში მარტში განვითარებული მოვლენების და ახალი კონფლიქტის გაჩაღების მოთხოვნის ფონზე”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ 4-5 აპრილს ჟენევაში გამართული მორიგი დისკუსიის დროს ამ საკითხს ძირითადი ყურადღება დაეთმო.
ხაზი გაესვა, რომ “სამხრეთ ოსეთის-საქართველოს საზღვარზე” სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა, თუმცა, ვითარებაზე უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს წნელისთან მოწყობილი საპოლიციო პოსტი”.
ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის აუცილებლობაზე”.
„ეს გახდება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების სერიოზული ფაქტორი და დააკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.