FT: სამხედრო გზით ყირიმის დაბრუნებამდე, კიევში რუსეთთან მოლაპარაკებას არ გამორიცხავენ 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხედრო გზით დაბრუნებამდე, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას არ გამორიცხავენ.

ამის შესახებ Financial Times-თან საუბარში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ თქვა.

„თუ ბრძოლის ველზე წარმატებით მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვართან გავალთ – მზად ვიქნებით დიპლომატიური ეტაპის დასაწყებად და საკითხის განსახილველად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვრიცხავთ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას,“ – თქვა მან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ კომენტარმა „შეიძლება, დაამშვიდოს“ ის დასავლელი ოფიციალური პირები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის შესაძლებლობას, დააბრუნოს ნახევარკუნძული სამხედრო გზით და შიშობენ, რომ ეს არის ვლადიმერ პუტინისთვის „წითელი ხაზი“, რომლის მიღმაც ბირთვული ესკალაციაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მასალაში ნათქვამია, რომ, გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 87% წინააღმდეგია, რომ ომის დასრულებისთვის ტერიტორიული დათმობა მოხდეს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვას, სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის დაუშვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს იმ პირობით, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს ნებაყოფლობით დატოვებს.

Politico თებერვალში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება, პუტინისთვის „წითელი ხაზია“ და ამან შესაძლოა, სერიოზული ესკალაცია გამოიწვიოს. ამავდროულად, ადმინისტრაცია აღიარებს უკრაინის უფლებას, დაიბრუნოს ნახევარკუნძული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები