შსს-ში რადიაციული და ბირთვული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადიაციული და ბირთვული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, აღნიშნული საბჭოს რადიაციული და ბირთვული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული ადგილი უკავია რადიაციულ და ბირთვულ კომპონენტებს. მსოფლიოში მისი აქტუალურობის გათვალისწინებით, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, გაერო–ს უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციასა და შიდა კანონმდებლობას, რომელშიც უმთავრესია საქართველოს კანონი “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”. “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო აგრეთვე მიერთებულია ათამდე საერთაშორისო კონვენციას. გარემოს რადიაციული ფონი პერიოდულად იცვლება, რაც განპირობებულია მსოფლიოში ბირთვული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინციდენტებით, ავარიებით და კატასტროფებით. გარდა ამისა, მოსახლეობის სხივურ დატვირთვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშენებლო მასალებად ნიადაგის ქანებიდან ამოღებული ნედლეულის გამოყენებას, ასევე სხვა წიაღისეულის ინტენსიურ მოპოვებას. აქტუალური ხდება საშენი მასალების, ასევე, წიაღისეულის მოპოვების არეალების კონტროლი რადიოაქტიურ დაბინძურებაზე და პერსონალის რადიაციული მონიტორინგი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სწორი მართვის განხორციელებას. დასახვეწია რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში. მნიშვნელოვანია კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება რადიაციული ექსპერტიზის დარგში. საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის რისკი. შესაბამისად, სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვის, ასევე, სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკონტროლო სიტუაცია, ქვეყნის ნოყიერ ნიადაგს უქმნის კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულების ზრდას, მათ შორის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირებას სახმელეთო და საზღვაო გზებით. “ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნებისმიერი სახის ბირთვულ ინციდენტს ნეგატიური შედეგი ექნება არა მარტო იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს ინციდენტი წარმოიშობა, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებისა და რეგიონში არსებული მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საჭირო ზომების მიღება ბირთვულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების კუთხით. ქვეყანაში ან მის საზღვრებთან არსებულ პოტენციურ თუ კონკრეტული მომენტისთვის წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, აუცილებელია პასუხისმგებელი და პარტნიორი უწყებების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერება, აგრეთვე მჭიდრო და მუდმივი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი რეგულაციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების დეტალური რუკის შექმნასთან. შესაქმნელია ქვეყნის რადიაციული მონიტორინგის პროგრამა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიულ პრინციპს და რადიაციული დაბინძურების რუკას. პროგრამის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რადიაციული მონიტორინგის შედეგების ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რადიოაქტიურად დაბინძურებული კერების რემედიაციისა და შემდგომი მონიტორინგის მიზნით. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დარგთაშორისი და უწყებათშორისი მოქმედებების კოორდინაციას. აუცილებელია, სწავლებებში შესაბამისი უწყებების ყველა დონის წარმომადგენლების ჩართვა, საჭიროა მათი გაფართოება და რეგულარული ჩატარება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის რადიაციული და ბირთვული ნაწილს, სადაც გაიწერება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ სფეროში”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბირთვული და რადიაციული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები