ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.
„რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს, ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს – ეს არის გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესია საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და საქართველოში იყოს მშვიდობა“, – აღნიშნა კობახიძემ.