ლიეტუვის პრეზიდენტი: გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი

ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არაა, გვწამს თქვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმის აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გატარდეს რეფორმები, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული, პროატლანტიკური მისწრაფებები.

“გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ხანმოკლე და მარტივი გზა, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მთავრობისთვის კონსოლიდაციის მიზეზი გახდება, რომ განახორციელოს რეფორმები. საზოგადოების მედეგობა, ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობებისა და პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ არის გზა, რომელიც დემოკრატიას და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატოსთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში,” – განაცხადა ნაუსედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები