უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს.

30 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გუშინ რუსულ ჭურვს შეეწირა.

“ერთად გაზრდილები ვართ, 1 წლის უკან წავიდა უკრაინაში. იქ იბრძოდა, მეუღლე იქ შეირთო, იქაური ცოლი მოიყვანა, იქ ცხოვრობდა. ხვალ აქვს დაბადების დღე. გუშინ გაგვაგებინეს ჩვენ, როგორც ვიცით, ჭურვი დაეცა”,- ამბობენ ახლობლები.

მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. მისი ახლობლები და თანასოფლელები ჰყვებიან, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა. მათივე ინფორმაციით, მაზანაშვილს ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. ახალგაზრდა კაცი იბრძოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-მდე ქართველია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები