ზვიად ქორიძე მოშიმშილე ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
ზვიად ქორიძის განცხადებით, მას დაუკავშირდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც ქალთა დაწესებულებაში მისვლა და მსჯავრდებულების პრობლემების მოსმენა სთხოვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ. ზვიად ქორიძემ მათ თითოეული საქმის მსვლელობის დეტალები განუმარტა.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. ზვიად ქორიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საჭიროა, კომისიის წევრებმა საქმეების განხილვისას მეტი ჰუმანიზმი გამოიჩინონ.
მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დანარჩენ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.