დავით ნარმანიამ მოქალაქეების პრობლემები პირადად მოისმინა
მოქალაქეების პრობლემები დღეს პირადად მოისმინეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ორშაბათის დღევანდელ მიღებაზე, სულ მერიაში 300-მდე მოქალაქე მიიღეს. აქედან, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 35 მოქალაქეს პირადად მოუსმინა.
რაიონების გამგებლებმა კი 355 მოქალაქე მიიღეს.
მოქალაქეები დასაქმებას, სოციალური საკითხების მოგვარებას, უფასო მედიკამენტებს, მკურნალობის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართების და მიწების დაკანონებას, სახლების გადახურვას, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების მოწესრიგებას, ასევე სკვერების რეაბილიტაციას ითხოვენ. } თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიწების დაკანონების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ საკრებულოში მოქმედ მიწების ლეგალიზაციის კომისიას, რომელსაც საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება სხვა პრობლემატიკას, დედაქალაქის ხელმძღვანელობა და საქალაქო სამსახურები თითოეული მოქალაქის საკითხს პერსონალურად განიხილავენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.