აშშ გმობს WSJ-ის ჟურნალისტის დაკავებას და ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ შეშფოთებულია ამერიკული გაზეთის – The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების გამო.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ისინი კავშირზე იმყოფებიან როგორც ჟურნალისტის ოჯახთან, ასევე WSJ-თან.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ევან გერშკოვიჩის დაკავებას.
მსურს მტკიცედ გავიმეორო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის მთავრობის გაფრთხილება, არ გაემგზავრონ რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან რუსეთში ვიზიტით იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ამასთან, ინციდენტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც გერშკოვიჩის დაკავება მედიის დარბევას დაუკავშირა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაძლიერდა.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ კრემლის მცდელობას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების, რეპრესიებისა და დასჯის შესახებ“, – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი „ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე“ დააკავა.