ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩინეთმა უკრაინაში “სამართლიანი სამყაროს” მიმართ საკუთარი დამოკიდებულება უნდა განსაზღვროს და სამხედრო კონფლიქტში მისი როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.
“ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ეფექტურად გააძლიერებს რუსეთის ანექსიას, უბრალოდ, არ არის სიცოცხლისუნარიანი. ამ საკითხში გულახდილები უნდა ვიყოთ. ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გახდება გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირი-ჩინეთის მომავალი ურთიერთობებისთვის“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ვალდებულია – დაიცვას გაეროს წესდების პრინციპები და ღირებულებები.
პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად, სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთს ეწვია, ვლადიმერ პუტინთან “შეზღუდვის გარეშე” მეგობრობას აანონსებს.
“მაგრამ ასევე არსებობს ცვლილებები ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დინამიკაში. აშკარაა, რომ ჩინეთი ხედავს პუტინის სისუსტეებს. აშკარაა, რომ ძალთა ბალანსი ამ ურთიერთობებში, რომელიც გასული საუკუნეების განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ იყო – ახლა თავდაყირა დადგა. ჩინეთი აპირებს, გამოიყენოს რუსეთი თავის ინტერესებში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.