ესტონეთი დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა თავის განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვერ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ა.წ. 24 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგან მისი ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „არჩევნების“ აღიარება იქნებოდა სამხედრო ოკუპაციის ლეგიტიმაცია, რაც მიუღებელია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეცეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მოქმედების შესაძლებლობა. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისკენ, მათ შორის, მისი შეიარაღებული ძალების, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება.
განცხადებაში ურმას პაეტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შესაბამისად, იქ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ გააჩნია სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძველი.