“პუტინი აპრილის ბოლოს შესაძლოა, თურქეთში ჩავიდეს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი 27 აპრილს შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს, რომ დაესწროს “როსტომის” მიერ აშენებულ თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნას.
ამის შესახებ ერდოღანმა ATV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
„პუტინს შეუძლია 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრენა ან ონლაინფორმატში დასწრება“, – თქვა მან.
17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის, ასევე, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანა.
თურქეთი არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს, ამიტომ, არ ცნობს ICC-ის გადაწყვეტილებას.