სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რიჩარდ ნორლანდმა სოზარ სუბარს დევნილთა და განსახლების მინისტრობა მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სტრუქტურაში წარმატებული მინისტრი იყო და მთავრობის გადაწყვეტილებით ახალ თანამდებობასაც წარმატებით გაართმევს თავს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა სოზარ სუბარმა რიჩარდ ნორლანდს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების, ლტოლვილებისა და რეპატრიანტების საკითხებზე იმსჯელეს. სოზარ სუბარის განცხადებით, ხვალ მთავრობის სხდომაზე განსახილველად გავა ყოფილი „სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.