ევროკომისიას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული კონტრაქტების შეცვლა სურს

ევროკომისიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებლებთან კონტრაქტების პირობების შესაცვლელად მოლაპარაკებები დაიწყო, რადგან წევრ ქვეყნებს არასაჭირო ვაქცინებისთვის ფულის გადახდა არ სურთ.

ამის შესახებ Euractiv-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ მარტში ბულგარეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ და უნგრეთმა ევროკომისიას Pfizer-თან დადებული კონტრაქტების გადახედვა მოსთხოვეს.

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ „კომისიამ უნდა ეძებოს Pfizer-თან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ან წევრ ქვეყნებში დარჩენილი ჭარბი ვაქცინები შეისყიდოს და გადასცეს რეგიონებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ“.

ვაქცინების სიჭარბეზე იტალიაშიც საუბრობენ, რომელმაც, ევროკავშირის შეთანხმებით, 61,1 მილიონი დოზა უნდა მიიღოს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ორაზიო სკილაჩიმ ასევე მიმართა ევროკომისიას კონტრაქტის გადახედვის თხოვნით. მინისტრის თქმით, ვაქცინაციის დონის შემცირების ფონზე, ქვეყანას 173 მილიონი გამოუყენებელი დოზა დარჩება, რაც რომს 3 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა თქვა, რომ 2023 და 2024 წლებისთვის შეკვეთილი 160 მილიონი ვაქცინის დოზა საჭირო აღარ იქნება. მისი თქმით, მთავრობა ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს შეკვეთების გაუქმების ან შემცირების ნებართვაზე.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, იოჰანეს რაუხმა ევროკომისიას მოუწოდა, ვაქცინების მწარმოებლებზე ზეწოლა გაზარდოს, რომლებმაც, მისი თქმით, პანდემიისგან “ძალიან, ძალიან კარგი მოგება მიიღეს”.

ესპანური მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ და რეგიონებმა ვაქცინების 6 მილიონზე მეტი დოზა, ვარგისიანობის ვადის ამოწურვის გამო, უკვე გაანადგურეს.

თავის მხრივ, საფრანგეთმა ევროკომისიას ვაქცინების ერთობლივი შესყიდვის სისტემის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა.

თემის კომენტირებისას ევროკომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა თქვა, რომ, “საბედნიეროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა ვმუშაობთ კომპანიებთან, რათა ვაქცინის მარაგები უკეთესად გადავანაწილოთ წევრი ქვეყნების საჭიროებების მიხედვით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები