გია ვოლსკი: თუ ღარიბაშვილს ივანიშვილის რჩევა გაუთვალისწინებია, ეს არ არის საქართველოსთვის ცუდი
NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკვეთილ შედეგს, რომლის თანახმადაც რესპოდენტთა 50% მიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი “კვირასთან“ აფასებს.
დეპუტატის თქმით, მმართველს გუნდს და უშუალოდ პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს მართვის რესურსის დეფიციტი არ აქვს და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს. რაც შეეხება NDI-ის მიერ დაქირავებულ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულ კვლევებს ატარებს, ვოლსკის განცხადებით, ეს ორგანიზაცია საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ არსებობს, შესაბამისად, არც მათ მიერ დადებული შედეგებია სარწმუნო. “საკმაოდ მძლავრი, პროპაგანდისტული მექანიზმი მუშაობს იმისათვის, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ “ნაციონალური მოძრაობის“ ფორმულა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები ბიძინა ივანიშვილია, საზოგადოებას შესაძლოა ეტყობოდეს კიდევაც ნაწილობრივ ამ პროპაგანდის გავლენა. საჭირეობისამებრ, მაქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტის შესაბამისი ფრაქციისა და მთავრობის ურთიერთობებს ეხება. ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე შემიძლია დავადასტურო, რომ არ მახსოვს შემთხვევა როდესაც, ირაკლი ღარიბაშვილს რაიმე თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ტაიმ-აუტი აუღია. მართვის რესურსის დეფიციტი, განსაკუთრებით პრემიერთან ურთიერთობისას არ მიგრძვნია. თუ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის რჩევა გაუთვალისწინებია, ან აზრი უკითხავს რიგ შემთხვევებში, ეს არ არის საქართველოსთვის ცუდი, რომ ღირებული რჩევა მისცეს ბიძინა ივანიშვილმა მთავრობას“, -განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. უფრო კონკრეტულად, შესაბამის მოსაზრებას გამოკითხულთა 26% “სრულად ეთანხმება”.