ცესკოში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ახალი ფორმატის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და დეზინფორმაციის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებზე, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრა.

ცესკოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსმა ლევან ნოზაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით 2020-2022 წლებში გავრცელებული და გამოვლენილი დეზინფორმაციის ფაქტების, ასევე განხორციელებული რეაგირების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი 29 აპრილს გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე 2024 წლის არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების საკითხების განხილვას დაეთმო. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების შესახებ და იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლებიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება. მან დეტალურად ისაუბრა კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომლის განხორციელებას საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალ არჩევნებზე გეგმავს.

დღესვე დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემაც – დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას და პრაქტიკაში თავად გამოცდიან ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები