რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის განცხადებით, ექიმების მოთხოვნაა, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მივიდეს და დაწესებულებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ადგილზე გააცნოს.

„კლინიკის დირექტორ ზაზა ავალიანსაც არ აქვს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. სამინისტროდან მოგვივიდა ცნობა, რომ სურთ ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრა, რაზეც ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები არ შეხვდებიან, ვინაიდან ჩვენ ვართ წლების მანძილზე ერთი კოლექტივი. ერთსულოვანი მოთხოვნა გვაქვს – მობრძანდეს აქ მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები და აქ, კოლექტივს და არა რამდენიმე წარმომადგენელს, ჩვენს ტერიტორიაზე გააცნოს ის კონკრეტული გეგმა, რას აპირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში. ერთადერთი მოთხოვნა ცალსახად გაჟღერებული ჩვენ მიერ არის ის, რომ ამ დაწესებულებაში არ შეწყდეს არც სამედიცინო და არც საგანმანათლებლო პროცესი და თუ რეაბილიტაციას აპირებენ, უზრუნველყონ ის, რომ დარჩენილი მედპერსონალი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდეს ღირსეულად,“ – განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ კადრებზე რეორგანიზაცია დაწყებულია. მედიკოსები შიშობენ, რომ პროცესი მხოლოდ ადმინისტრაციის რეორგანიზაციით არ დასრულდება.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში რაღაც დეპარტამენტები დაიხურა, შეჩერდა მათი მუშაობა და ისინი დაემშვიდობნენ აქაურობას, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ადმინისტრაციით დასრულდება,“ – განაცხადა ანესთეზიოლოგიური სამსახურის უმცროსმა ექიმმა, ონისე ენუქიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ იწყება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციას, გადაიარაღებასა და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები