მიხეილ სარჯველაძე: „ვივამედის“ პრეტენზიები გასაგებია – აშკარად შეინიშნება, რომ სააკაშვილი და თავისი მომხრეები თვითდაზიანების რეჟიმს ირჩევენ
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა “ვივამედის” განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ საკითხებზე პენიტენციური სამსახური და „ვივამედი“ უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ გასაგებია პრეტენზიები, რომელსაც ეს კლინიკა აყენებს, რადგან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი და თავისი გარემოცვა შეწყობილად და სინქრონულად მუშაობენ, რომ ჯანმრთელობისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიონ. სამწუხაროდ, თვითდაზიანების რეჟიმი ისევ აქტიურ ფაზაში შევიდა. მაშინ, როცა აქტიური პოლიტიკური მოვლენები იკავებდა ადგილს, სააკაშვილის თვითდაზიანების საკითხი მაინც და მაინც აქტიური არ იყო. ეს საკითხი ახლა ისევ გააქტიურდა, რაკი, როგორც ჩანს, დადგა მათთვის საინტერესო დრო, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიიქციონ. აშკარად შეინიშნება, რომ სააკაშვილი და თავისი მომხრეები თვითდაზიანების რეჟიმს ირჩევენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მას ყველა სამედიცინო სერვისზე ხელი მიუწვდება და მათი მხრიდან იქნება სიმულაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, საიმისოდ, რომ ამით პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის რაღაც ინსტრუმენტი შეიძინონ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ “პირველ არხს”.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა – ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”.