ირაკლი ღარიბაშვილი მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობის გახსნას დაესწრო
დღეს საძირკველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის მშენებლობას – რუხში რეგიონალური მნიშვნელობის საავადმყოფოს მშენებლობას ვიწყებთ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუხში, საავადმყოფოს მშენებლობის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას. პრემიერის განმარტებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების კლინიკის პროექტი, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მრავალპროფილიანი, 220 საწოლზე გათვლილი კლინიკის კორპუსებთან ერთად აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც მოთავსდებიან რეზიდენტები და პაციენტთა ნათესავები, აგრეთვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. „პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს. ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი, დევნილები; ხოლო საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გაივლის გადამზადებას და კლინიკის სხვადასხვა პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს. „ჩვენი ვარაუდით, საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი, სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთავრობა ეტაპობრივად აგვარებს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც შეეხო და განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შენდება ამბლატორიები, რათა მკურნალობა ყველასთვის მისაწვდომი გახდეს.
„ამ საავადმოყოფოს მშენებლობაც ჩვენი მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ გპირდებით, პირადად ვადევნებ თვალყურს მშენებლობის პროცესს, რათა დაცული იყოს ყველა სტანდარტი და მშენებლობა დათქმულ დროს დამთავრდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.