მიხეილ სარჯველაძე: გაუგებარია, ოპოზიცია ან რაზე აცხადებს ბოიკოტს, ან რით მიდიან უკან და მერე შემოდიან, თვითონაც ვერ ხვდებიან

სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ძალიან დახელოვნდა მითების შეთხზვაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტიდან მმართველი გუნდის ოთხი წევრის წასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ამ დეპუტატებს უმრავლესობის რიგების დატოვება არ სურდათ და მათ მანდატებზე უარის თქმა გუნდმა აიძულა.

„ოპოზიცია ცდილობს, ახსნა მოუძებნოს და მითები შეთხზას იმასთან დაკავშირებით, რომ მათზე ზეწოლა იყო“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის ტყუილებს ძალიან მოკლე ფეხები აქვს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ატყუებენ ხალხს. მაგალითად, გუშინ სხდომაზე გააკეთა განცხადება ხათუნა სამნიძემ და თქვა, ამერიკული მოდელი ნიშნავს იმას, რომ იქ მხოლოდ მტრული სახელმწიფოები არიანო. ინტერნეტზე ყველას მარტივად მიგვიწვდება ხელი და შეგვიძლია, ვნახოთ, რომ FARA-ში იგივე ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირებული არიან მაგალითად, იაპონიის საელჩო, გერმანიის სახელმწიფო დაწესებულება, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, უკრაინის მთავრობა და ა.შ და მტრული სახელმწიფოები არიან ესენი? ეს ხომ არ არის ასე და განა, რამხელა ფეხი უნდა აღმოაჩნდეს ასეთ ნათქვამ ტყუილებს?! აბსურდია ეს. პირადად ჩემი და ჩემი ყველა კოლეგის სახელით, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ვამბობ, რომ არავითარ რუსულ საქმეზე საუბარი არ შეიძლება აქ. არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს სრულიად გააზრებულად იყო გაკეთებული, ნებისმიერი სახელმწიფოდან და მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდასაცავად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტის გადახედვის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში დამკვიდრდა თათქარიძის სინდრომი და ის დამახასიათებელი გახდა ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის.

„ხომ გახსოვთ, ბოლოს როგორ არის? – ან რას მოდიოდნენ, ან რას მიდიოდნენო, დაახლოებით, ასეთი ამბავია, ან რაზე აცხადებენ ბოიკოტს, ან რითი მიდიან უკან და მერე შემოდიან, გაუგებარია; უბრალოდ, თვითონაც ვერ ხვდებიან. დარეჯანი რომ ამბობს, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო, დაახლოებით, ეს სინდრომია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები