„დარიალის ხეობაში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ზარალმა შესაძლოა 3 მლნ დოლარი შეადგინოს“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დარიალის ხეობაში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ზარალმა შესაძლოა სამი მილიონი დოლარი შეადგინოს. მისივე თქმით, დაწყებულია გზის რეაბილიტაცია და როგორც კი გზა იქნება გაწმენდილი, სამინისტრო მზად არის, საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა იმუშაოს.
“სამი ნაგებობიდან ორი დაფარული იყო ხრეშითა და ქვიშით. მათი გაწმენდა მიმდინარეობს ახლა და ამ წუთას შეიძლება ითქვას, რომ დაზიანებულია ხელბარგის სკანერი, ასევე დაზიანებლია საკმაოდ ძვირადღირებული სასწორი, რომელიც სატვირთო მანქანების ასაწონად გამოიყენება. რაც შეეხება სკანერს, მიმდინარეობს მისი ტესტირება და ორ-სამ დღეში გვეცოდინება ის, დაზიანებულია თუ არა. სკანერის გარეშე ზარალი არის მილიონი დოლარი თუ სკანერიც დაზიანებულია, მაშინ დაახლოებით 3 მილიონის ზარალი გვექნება მარტო საბაჟოზე. პარალელურად მოვახდენთ სხვა ნაგებობის რეაბილიტაციას. ასე, რომ საბაჟო ხელს არ შეუშლის არც ექსპორტს, არც იმპორტს და არც ტრანზიტს. ჩვენ მზად ვართ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამბობს, რომ 2 კვირა დასჭირდება გზის რეაბილიტაციას, როგორცკი გზა გაიხსნება, საბაჟო იქნება მზად. ამ წუთასაც ჩვენი მებაჟეები არიან ადგილზე, მათ შეუძლიათ ტვირთები გააფორმონ, მაგრამ სტიქიის გამო ასეთი ტვირთები არ არის”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.