ფინანსთა სამინისტროში “სოლიდარობის ფონდის” პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში “სოლიდარობის ფონდის” პრეზენტაცია გაიმართა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და “სოლიდარობის ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა მიაწოდა. მარიამ ჯაშის განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს “სოლიდარობის ფონდის” შემოსავლები გათავისუფლებულია გადასახადებისგან, ასევე იქნება მისთვის დაწესებული სხვა შეღავათიც.
“ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მზადდება კანონპროექტი, რომ ბენეფიციარების მიერ მიღებული თანხების დაბეგვრა არ მოხდეს. ეს იქნება მხარდაჭერა “სოლიდარობის ფონდისთვის” და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტში განსახილველად შევა. “მზად ვართ, რომ საქართველოს მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს წარვუდგინოთ კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდნენ ის ბენეფიციარები, რომლებიც მიიღებენ დახმარებას ამ ფონდისგან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჰუმანიტარული ფონდები აკეთებენ დახმარებას, ასეთი შეღავათები უკვე არსებობს და ამ შეღავათის გავრცელება მოხდება ფონდზეც. ამასთან, ე.წ. გამტარები, ანუ ორგანოები, რომლებიც მოახდენენ ფასნამატის მოგროვებას და ფონდისთვის გადარიცხვას, ასევე გადარიცხული თანხები არ ჩაეთვლებათ შემოსავლებში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. საქართველოს სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის მიზანია, საზოგადოების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკების წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფინანსთა მინისტრმა პირადად მოუწოდა სამინისტროს თანამშრომლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ ჰუმანურ აქციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები