“კაზანტიპის რესპუბლიკის” ვიზები გაიაფდა
“კაზანტიპის რესპუბლიკის” ვიზები გაიაფდა და იგი ნაცვლად 400 ლარისა 250 ლარი გახდა. ასევე დაიწია ფასებმა საკვებსა და სხვადასხვა დასახელების სასმელზე. საკვებ ობიექტებში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ქართული სამზარეულოს ობიექტზე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი.
“კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. როგორ ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, “კაზანტიპის რესპუბლიკის” ტერიტორიაზე ასეთი დიდი ფასები არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაპირება სულ სხვა იყო. უკმაყოფილება მან საცხოვრებელი სახლების ფასებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.
ასევე გაიაფდა ერთდღიანი ვიზა და დღეიდან ის უკვე 100 ლარი ღირს.
ანაკლიაში “კაზანტიპის” ღონისძიება 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.