თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს

თეთრი სახლი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში და უთხრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გაიმეორებს მოწოდებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს იმით, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან.

როგორც კირბიმ აღნიშნა, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ უნდა დაელაპარაკოს.

„პრეზიდენტ სი ძინპინს მოვუწოდებთ, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, რომელიც მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები